ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განმარტებით, უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩონოსბევის დანიშვა, რომელიც ძალადობრივი რეჟიმის ავტორები იყვნენ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა.
"დაველოდოთ,გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები და ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც მათ შექმნეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. თუ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება მტკივნეული ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს იძებნებიან საქართველოში", -განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ფრაქციის წევრმა მუსტაფა ნაიემმა სოციალური ქსელ "ფეისბუქში" დაადასტურა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება. ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ალექსანდრე კვიტაშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ეკა ზღულაძესთან ერთად მმართველი პარტიის ფრაქციის წევრებს ხვდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქციასთან შეხვედრაზე გუშინ თავად პრეზიდენტი პოროშენკოც იმყოფებოდა.
უკრაინულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი პეტრე პოროშენკომ უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა. კვიტაშვილი, სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა.