ოჯახური ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც მთვრობა, არასამათავრობო სექტორი და საზოგადოება, ერთობლივად უნდა გაუმკლავდეს, - ამის შესახებ, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, მთავარი პროკურატურის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახური ძალადობის პრობლემა გლობალური მასშტაბისაა და ამერიკას ათწლეულები დასჭირდა, რომ მასზე რეაგირება დაეწყო.
"მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ოჯახური ძალადობა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა. ეს პრობლემა იყო ამერიკაშიც. ჩვენ შევიმუშავეთ ამ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდიკა, ჩამოგვიყალიბდა გარკვეული პრაქტიკა, რომელიც შესაძლებელია საქართველოსთვისაც იყოს სასარგებლო. ეს არის პრობლემა, რომელსაც მთვრობა, არასამათავრობო სექტორი და საზოგადოება, ერთობლივად უნდა გაუმკლავდეს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მსჯელობა მიმდინარეობს სამოქმედო გეგმაზე და ეს საუბარი გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმაში", - აღნიშნა ნორლანდმა.
ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა. ღონისძიებას
მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.