დღეს, 30 ნოემბერს, 11:30 საათზე საქართველოს პარლამენტის სხდომა დაიწყება, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნებზე იმსჯელებს, შემდეგ კი კენჭისყრა ჩატარდება.
სხდომის დაწყებამდე 10:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტს და მის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ის პროცედურები განმარტა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის ვეტოს განხილვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მან მედიის საშუალებებით დეპუტატების კომენტარები მოისმინა, რომელიც რეგლამენტს საერთოდ არ შეესაბამება.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტი თავდაპირველად პრეზიდენტის შენიშვნებზე იმსჯელებს, შემდეგ კი კენჭისყრა ჩატარდება და დეპუტატები ან ვეტოს დაძლევენ, ან პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებენ.
"თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ის ხელის მოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება და თუკი მარგველაშვილი მას ხელს არ აწერს, ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა უსუფაშვილმა.