ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირადად მოინახულა აფხაზეთის წამყვანი საავადმყოფოები და ჯანდაცვის დაწესებულებები.
ადგილზე მას ყველგან ერთიდაიგივე პრობლემა დახვდა: შენობები სარემონტოა, არა აქვთ სათანადო სამდიცინო აღჭურვილობა, უჩივიან მედიკამენტების ნაკლებობას და რაც ყველაზე მთავარია, არ ჰყოფნით კვალიფიციური კადრები.
აფხაზები აღიარებენ, რომ საკუთარი სახსრებით ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ მთლიანი ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზების შანსს სწორედ რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება აძლევთ.
რუსეთ-აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გაფორმებულ ხელშეკრულებაში აფხაზეთში სამედიცინო სახის პრობლემების მოგვარებას, მთელი მუხლები ეძღვნება.
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში რუსეთმა აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ (ასეთი კო მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ა), ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებელი პირობები უნდა უზრუნველყოს. დაზღვევის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე აფხაზებს საშუალება ექნებათ რუსეთის სამედიცინო დაწსებულებებში გამოკვლევების და მკურნალობის კვალიფიციური კურსი ჩაიტარონ.
ამასთანავე, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია აფხაზეთის ჯანდაცვის დაწესებულებების განახლება, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა, კადრების მომზადება და მედპერსონალისთვის ხელფასების მომატება.
რუსეთის საინვესტიციო პროგრამით, უკვე 2015 წლისთვის აფხაზეთის ჯანდაცვის განვითარებისთვის 300 მილიონი რუბლის გამოყოფაა დაგეგმილი.
,,რუსეთთან დადებული ეს ახალი ხელშეკრულება აფხაზეთისთვის ძალიან საჭირო დოკუმენტია. ის ჩვენ ახალი შესაძლებლობებისკენ გვიხსნის გზას... განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, რომელსაც საფუძველი 2015 წლიდანვე ჩაეყრება." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა.
მისი თქმით, ახალი რაიონული საავადმყოფოების მშენებლობა ტყვარჩელსა და გალში 2015 წელს დაიწყება და 2016 წელს უკვე ექსპლუატაციაში შევა.