"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ირაკლი ალასანიას თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში ჰქონდა შეხვედრა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შეხვედრები გამართა წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და გავლენიან ანალიტიკოსებთან.
ამერიკელ პარტნიორებს ირაკლი ალასანიამ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
,,ამ საფრთხეებს მეტნაკლები სიმწვავით აღიქვამს სხვადასხვა წარმომადგენელი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საქართველო, როგორც კი შეასუსტებს თავის სვლას ევროპისკენ, რუსეთის ფედერაცია თავისი აგრესიული ნაბიჯებით გადაყლაპავს საქართველოს და არ მიცემს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას. ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო სწორედ, რომ ყველა ის გეგმა, რომელიც იყო შეთანხმებული ნატოს და საქართველოს შორის ზედმიწევნით განხორციელდეს და ეს არის თავდაცვის გარანტია, რომელიც ახლა აქვს ჩვენს ქვეყანას.ამასთანავე, მე მაქსიმალურად ობიექტურად ავხსენი, როგორ მოხდა ის, რომ მთავრობაში სამმა მინისტრმა, რომელებიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იყვნენ ორიენტირებული და საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მუშაობდნენ, დატოვეს პოსტები და კოალიციაც.ამ ფონზე, კიდე უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს ის შეთანხმება, რაც უკვე გვაქვს მიღწეული ორმხრივად თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე და ნატოს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც უელსში მივიღეთ. მთავარია, რომ საქართველომ არ გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან, თუმცა გაჩნდა საფრთხე, გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ დროში გაიწელოს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ ამ საკითხებს ერთობლივად უნდა მივხედოთ''_განაცხადა ალასანიამ.