საქართველოს კონსტიტუციაში არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარ თემას ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილება და მისი მთლიანად პროპორციული სისტემით დანერგვა წარმოადგენდა. „პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ჩემთან შეხვედრა როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო თავმჯდომარესთანაც ისე შედგა, რადგან ამ საკითხებს კონსტიტუცია არეგულირებს. მათ აღუთქვი, რომ ამ მოსაზრებებს შესაბამის სამუშაო ჯგუფს გადავცემ და საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, უახლოეს შესაძლო შემთხვევაში, გაიმართება მსჯელობა.
სისტემის დახვეწა და მისი მიახლოება სამართლიანობის პრინციპთან სერიოზული ამოცანაა. ის სისტემა რაც დღეს გვაქვს სერიოზული კრიტიკის ობიექტია, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან დიდი დისბალანსია. შესაბამისად, საკმაოდ დიდი მუშაობა მოგვიწევს და ჩვენ ყურადღებით გავეცნობით და მოვისმენთ ჩვენი კოლეგების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება თავმჯდომარის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, მან პოლიტიკური სპექტრის 2008 წლის გაზაფხულის შეკრება გაიხსენა და დასძინა, რომ სამწუხაროდ მაშინ ვერ მოხერხდა ცვლილებების განხორციელება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მათ კმაყოფილება გამოთქვეს საკითხის გადაწყვეტის მიმართ საერთო პოზიციასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვეს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის თემაზე დაწყებული კონსტრუქციული დიალოგი მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება. დღეს გამართულ შეხვედრას ათამდე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო.