ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნას, სამართლიანობის დადგენისკენ გადადგმული ნაბიჯად აფასებს.
პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლოზე დაკავებული მაღალჩინოსნების უდანაშაულობა დამტკიცდება.
"ირაკლი ალასანიას, "თავისუფალი დემოკრატების", სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა და პროკურატურა იძულებული გახდა, რომ მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას მოეხსნა გრიფი. ეს არის სამართლიანობის დადგენისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი.
დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან რა ამ საქმეს, უკვე ყოველგვარი შოუების გარეშე, ძალიან სწრაფად დაადგენენ სიმართლეს, დაიცავენ დაცვის ქვეშ მყოფებს ღირსეულად და მათი უდანაშაულობა დამტკიცდება სასამართლოზე.
ამას შემდგომში, აუცილებლად მოჰყვება იმ ადამიანების პასუხისგება, რომლებმაც მოტივაციის გარეშე დააკავეს ეს უდანაშაულო ადამიანები. ეს ყო მათი მხრიდან, დროის გაწელვის უშედეგო მცდელობა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნა, გარდა საქმის იმ ნაწილისა რომელიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაიას.
საქმის მასალების გასაცნობად თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ.