ჩვენ საქართველოსთან ახლა ვახორციელებთ ყოვლისმომცველ პაკეტს, რაც რა თქმა უნდა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოსთან- ასე უპასუხა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის შეკითხვას.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს, ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, ღირებული კონტრიბუციისთვის მადლობას უხდის.
მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელზეც უელსში შევთანხმდით. ეს ეხება წვრთნებს, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. შეთანხმება ასევე გულისხმობს, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის დაარსებას.
საქართველოსთან ახლა ვახორციელებთ ყოვლისმომცველ პაკეტს. ეს რა თქმა უნდა დააახლოებს საქართველოს ნატოსთან. ვფიქრობ უნდა განვახორციელოთ ეს პაკეტი და შემდეგ ვიმსჯელოთ, არის თუ არა საჭირო დამატებითი ღონისძიებები,რადგან ეს მართლაც ყოვლისმომცველი პაკეტია. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო საქართველოს ძალიან ღირებული კონტრიბუციისთვის, რასაც საქართველო ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში ახორციელებს. ასე, რომ საქართველო უკვე არის ალიანსისთვის ძალიან ღირებული პარტნიორი.
რაც შეეხება აფხაზეთს, ნატოს მოკავშირეები რა თქმა უნდა, არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთო ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ ამისკენ",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.