აჭარის მთავრობის ორგანიზებით სასტუმრო „შერატონში" დონორთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია "აჭარა - თანამშრომლობა განვითარებისათვის" აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პერესპექტივებზე ისაუბრა. დონორთა კონფერენციაზე აჭარის ა/რ მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობენ.
კონფერენციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ რეგიონის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში დონორი ოგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
USAID-ის ხელშეწყობით შეიქმნა აჭარის მთავრობის საერთო ელექტრო-კომუნიკაციური სისტემა, რომელშიც ჩართულია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. პოლონეთის მთავრობის, კერძოდ სილეზიის სავოევოდოს აქტიური მხარდაჭერით პოლონეთის წამყვან კარდიოლოგიურ კლინიკებში წარმატებით განხორციელდა 4 კარდიოლოგისა და 2 მედდის გადამზადება. თვითმმართველობისა და დასაქმების საკითხებზე პოლონეთში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროსა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები.
USAID, GOARA-ს დახმარებით განხორციელდა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება - პროგრამული ბიუჯეტირების, პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობის და პროგრამული ბიუჯეტის სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით. სამინისტროსა და ბეჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამედიცინო სპეციალობის 7 კურსდამთავრებული რეზიდენტურის, ხოლო 1 მოქმედი ექიმი კვალიფიკაციის ასამაღლებელად გაიგზავნა თურქეთში. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა 21 ავტომანქანის შეძენა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის, რომლებიც სოფლის ექიმებს მომავალ კვირას გადაეცემათ.
შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის დირექტორს მუსტაფა ქორქმაზს შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელების მხატვრული ნამუშევრები გადასცა. TIKA-ს მხარდაჭერით 2013 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახინჯაურში მდებარე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს და აშენდა სოფ. ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი.
კონფერენციის ფარგლებში დღესვე სტუმრები ბათუმის IV საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. მოგვიანებით კონფერენციის მონაწილეები ქობულეთის აგროსერვის ცენტრში, დონორი ორგანიზაციების მხადაჭერით განხორციელებულ პროექტებს მონახულებენ.
კონფერენციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკია და საქართველოს ცენტრალური მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციას ასევე გაეროს განვითარების პროგრამის, ბრიტანეთის საბჭოს, გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.