ხვალ, 28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ნიკოლო მიწიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ლიტერატურის მუზეუმიდან აცნობეს.
ნიკოლო მიწიშვილი, ქართველი პოეტის, "ცისფერყანწელთა" წარმომადგენლის, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის ფსევდონიმია. დაიბადა 1896 წელს იმერეთში, სოფელ ჯვარისაში. ქუთაისის რეალური სასწავლებლისა და ორწლიანი პედაგოგიური კურსების დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ტობანიერსა და საჩინოში. პირველი ლექსები ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაბეჭდა. იყო მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთის "გოლოს სოლდატას" რედაქტორი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამოსცემდა გაზეთ "ფიგაროს". 1922-1925 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობდა გაზეთ "ახალი საქართველოს" დაარსებაში, რომელსაც გრ. ვეშაპელთან ერთად გამოსცემდა. პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი". სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო ლიტფონდის დირექტორი. რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", ხელმძღვანელობდა სახელგამს. ცხოვრების ბოლო წლებში იყო ჟურნალ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორი.
პოეტის დეკადენტური განწყობა განსაკუთრებით წარმოჩნდა მის პოეტურ კრებულში "შავი ვარსკვლავი". 1918 წლიდან იყო "ცისფერყანწელთა" ორდენის აქტიური წევრი. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭდვით ორგანოებთან. 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დახვრიტეს ამავე წლის 13 ივლისს.