ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს დაავალა, აფხაზეთში კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტების და მათი მიმდევრების გამოსავლენად და დასაკავებლად ყველა ღონეს მიმართონ.
,,ყველა ,,კანონიერი ქურდი" და ის პირი, ვინც მართლმსაჯულებას წინააღმდეგობას უწევს და რესპუბლიკაში ოპერატიულ ვითარებას ურევს, სასწრაფოდ უნდა დავაკავოთ ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავაძევოთ." - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ.
მისი თქმით, დაკავებულმა ,,ქურდმა," ადმინისტრაციული სასჯელის მოხდამდე ან ქურდული სამყაროს წევრობა უნდა უარყოს ან აფხაზეთის ტერიტორია უნდა დატოვოს. სხვა შემთხვევაში, ის მათ საზოგადოებაში მშვიდად ვერ იცხოვრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოლუას მიერ გაკეთებული ამ განცხადების მერე, ადგილობრივი ,,ქურდების" უმეტეოსობა იძულებული გახდა აფხაზეთიდან გაქცეულიყო.
ოპერატიული მონაცემების თანახმად, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ათი ,,კანონიერი ქურდი" მოღვაწოსბ, მათ შორის ცხრა აფხაზი და ერთი ქართველია.
მიმდინარე წლის ივნისიდან ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურები თითოეულ მათგანზე მეთვალყურეობას ახორციელებს.
ამ მიმართულებით ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყების გააქტიურება რამდენიმე დღის წინ სოხუმში მომხდარმა შემთხვევამ განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, სოხუმში, ეშბას ქუჩაზე პატრულირებისას აფხაზ მილიციელებს, ასლან ცამბოვს და ერასტ აბიჯბას თავს ხუთი ახალგაზრდა დაესხა.
თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ინალ ახუბა, რომელიც აფხაზმა სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, სოხუმის ე. წ. ,,მაყურებელია."
როგორც აღმოჩნდა, ამ შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ახუბა სოხუმის სანაპიროზე ფიზიკურად გაუსწორდა ასევე , ყოფილი უშიშროების სამსახურის თანამშრომელს და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ პოლკოვნიკს, რომელიც რაულ ლოლუას მეგობარია და რომლის ვინაობაც, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
აფხაზეთის მოსახლეობა კულუარებში იმაზეც ლაპარაკობს, რომ ვიდრე ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურის უმაღლესი თანამდებობის პირები ,,ქურდებზე" ნადირობას გამოაცხადებდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნუგზარ არგუნი ,,კანონიერ ქურდ" ბორის აფაქიას იგივე ,,აფაქელას" გალის რაიონის სოფელ პრიმოსრკში იმ დროს ეწვია, როცა მასთან ,,კოლეგები" რაულ ბარცბა იგივე ,,პიზა" და ვალერი ხაშბა იგივე ,,ვალერა სუხუმსკი" სტუმრობდნენ.
მინისტრის მოადგილემ ,,ქურდებს" პირობა წაუყენა, თუ ინალ ახუბა მილიციას თავისი ნებით არ ჩაბარდებოდა, თითოეულ მათგანს პრობლემა შეექმნებოდა და ,,კანონიერ ქურდებს" აფხაზეთში მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემდნენ.
კულუარული ხმების მიხედვით, მხარეებს შორის კომპრომისი არ შედგა და მასპინძელმა სახელმწიფო მოხელე სახლიდან გაწბილებული გაუშვა.
ამ ყველაფერს დაემატა შუაგულ სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმა, რომელიც მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ,,სიფრთხილე" ვერ გამოიჩინა და მის წინ მიმავალ ავტომანქანას გზა მოუჭრა.
რაც შეეხება კრიმინალ ინალ ახუბას, გავრცელებული ინფორმაციით, ის და სოხუმელი გენადი ადლეიბა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ,,გენა სუხუმსკის" სახელითაა ცნობილი, ადგილობრივმა ,,ქურდებმა" თავიანთი კოლეგის თემურ ახუბას იგივე ,,დინრიდის" რეკომენდაციით, მაყურებლებად მას შემდეგ მონათლეს, რაც ეს ,,პოსტი" თენგიზ ლაკერბაიამ (,,თენგულიაშა") დატოვა.
თავად ,,თენგულიაშა" ევროპაში ,,მოღვაწე ქურდებმა" თავიანთ წრეში მიიღეს და ,,მონათლეს" კიდეც.
მისი ხელდამსელები მერაბ ბახია (,,ბახა-ბახა"), დიმიტრი ამიჩბა (,,დუკა") და ირაკლი ყალიჩავა (,,იკა ხუტუ") არიან.