საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ახლადგახსნილ სასტუმრო „ბაგრატი პლაზა" დაათვალიერა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი, მაღალი დონის სასტუმროების არსებობა ქუთაისის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
"ქუთაისში წლების განმავლობაში იყო საკონფერენციო დარბაზების არსებობის პრობლემა და მისასალმებელია, რომ სასტუმრო „ბაგრატის" მესვეურებმა ამ პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნეს. ქუთაისში უნდა იყოს სათანადო პირობები საქმიანი შეხვედრების გამართვისთვის. ეს ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სასტუმრო "ბაგრატი პლაზა" აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს ამ უძველესი ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი, ბიზნეს კლასის სასტუმრო, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დაიწყო, 7 სართულიანია, 44 ნომრით, ლაუნჯ ბარით და ტერასით. სასტუმროს აქვს საკონფერენციო დარბაზი, ოთახები საქმიანი მოლაპარაკებისთვის და დიდი საგამოფენო სივრცე.ავსტრიული საინვესტიციო კომპანია ,,გაბი" სასტუმროების მშენებლობას იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ახორციელებს. ამ ეტაპზე ბათუმსა და ციხისძირში შენდება მრავალფუნქციური, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები გასართობი ცენტრით და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურით. დღემდე კომპანია ,,გაბი"-მ საქართველოში 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.