დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით 8 აპრილს, 16.00 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში რეგიონალური ფოლკლორის საღამო გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მცხოვრები ის ადამიანები რომლებსაც სურთ საკუთარი თვითშემოქმედება საზოგადოებას უფრო კარგად გააცნონ.
ღონისძიების მიზანია, რეგიონებში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ფოლკლორის ახალი ნიმუშების გამომზეურება.
თვითშემოქმედებით საღამოს დაესწრებიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები. მოწვეული სტუმრები ჟიურის სახით საუკეთესო მონაწილეებს გამოავლენენ, რომლებიც შემდგომ, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული საღამოს ჩატარება სავარაუდოდ 2010 წლის აპრილში, ქ.თბილისის შ. რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით იგეგმება.
საკუთარი შემოქმედებით, ფოლკლორის რეგიონალურ საღამოს დუშეთში ქალბატონი ეთერ თათარაიძე გახსნის. ნომინაციებში გამოვლინდება საუკეთესო ლექსის მთქმელი, უხუცესი მონაწილე, საუკლეთესო ახალი ლექსი, საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფი, ქართული კუთხური ფოლკლორის საუკეთესო მცოდნე და სხვ. გამარჯვებულ მონაწილეებს სამახსოვრო პრიზებს ჟიურის წევრები გადასცემენ.
გარდა ამისა, კულტურის სახლის ფოიეში მოეწყობა ხალხური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.