13 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხაესტატეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მუხაესტატეს მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები - თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.
საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.