იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის განსაზღვრის შესახებ" პარლამენტის დადგენილების პროექტს, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს. საკითხი განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარმოადგინა.
მისი ინფორმაციით, დადგენილების პროექტის მომზადება ახალმა საკონსტიტუციო მოდელმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც ჰიმნის ოფიციალურად შესრულების წესის განსაზღვრა პრეზიდენტის კომპეტენციას აღარ წარმოადგენს.
საკითხზე მსჯელობისას მთელი რიგი შინაარსობრივი და რედაქციული ხასიათის ცვლილებები გამოითქვა, მათ შორის შეიცვალა დადგენილების პროექტის სახელწოდება და ტექსტიდან მე-5 პუნქტის მთლიანად ამოღებაც მოხდა.
კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის წევრებმა საკითხის ინიციატორ, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, ყველა მუხლი დეტალურად განიხილეს, ერთობლივი სურვილით საკითხის გადატანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როგორც აღინიშნა, რიგი პუნქტები დამატებით შეთანხმებას და ტექსტის საბოლოო მომზადებას საჭიროებს და შესაბამისად, მასზე მუშაობას კომიტეტი და მომხსენებელი მომავალშიც გააგრძელებს. ალექსანდრე ბარამიძემ კომიტეტის წევრებს „საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ" შეთანხმებაც წარუდგინა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც 51 სახელმწიფო და 3 საერთაშორისო ორგანიზაციაა გაერთიანებული. მასში გაწევრიანება კი ხელს შეუწყობს საქართველოს იმ კომპეტენტური ორგანოების ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში, რომელთა კომპეტენციასაც კორუფციასთან ბრძოლა განეკუთვნება.
კომიტეტის სხდომაზე ქმედუუნარობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზეც იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია უხელმძღვანელებს, რომელიც სხვადასხვა უწყებიდან დაკომპლექტებურ პირებთან ერთად სამართლებრივ ნორმებზე იმუშავებს.
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის ინიცირების საკითხზეც იმსჯელეს.
მასალის გამოყენების პირობები