„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებითა და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმში გაიხსნა სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტ სამედიცინო განათლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
ცენტრის გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან გორგილაძე და ზურაბ თენიეშვილი დაესწრნენ.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ჩაატარებენ გამოცდილი ქართველი და მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რაც განაპირობებს აჭარის სამედიცინო პერსონალის მუდმივ წვდომას მსოფლიო მედიცინის უახლეს და თანამედროვე მიღწევებზე.
სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულ უნარჩვევებზე დაფუძნებულ სწავლებას.
სასწავლო ცენტრი განთავსებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.