ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ყირიმს მტკნარი წყლის ჩამოსასხმელი ერთობლივი საწარმოს მშენენებლობა შესთავაზა.
,,აფხაზეთის ტერიტორიაზე მტკნარი სასმელი წყლის დიდი მარაგია. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ რუსეთთან ერთად ან მისი მეშვეობით. ამიტომაც, გვინდა რუსეთის ტერიტოიაზე ჩვენი სასმელი წყლის ჩამომსხმელი ქარხანა ავაშენოთ და მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად ყირიმი საუკეთესო ადგილია. ჩვენ ტანკერებით მოგაწვდით აფხაზურ წყალს, თქვენ კი ბოთლებში ჩამოასხამთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდით." - განუცხადა ყირიმის ხელისუფლებას ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ სიმფეროპოლში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ქარხანა ყირიმის ბიუჯეტში ყოველწლიურად გადასახადის სახით დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეიტანს, ხოლო სუფთა მოგება 6 მილიარდ დოლარამდე დარჩება.
აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრის გათვლებით, პროექტი დანახარჯს ცხრა თვეში აანაზღაურებს. თავად ქარხნის აშენებას კი 2-3 წელიწადი დასჭირდება და მისი მშებლობისთვის 10 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო.
ბუთბას აზრით, თანადაფინანსების პრინციპით, შესაძლოა ამ საქმეში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი ჩაერთოს.
თავის მხრივ, ყირიმის პრეზიდენტმა სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ ყირიმი აფხაზეთთან სამეგობროდ და საპარტრნიოროდ მზად არის, ამიტომ მან შესაბამისი უწყებების მინისტრებს დაავალა, გამოთვალონ შეთავაზებული პროექტების ეკონომიკური ეფექტი.
განსაკუთრებული ინტერესი მან სასმელი წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობის მიმართ გამოთქვა.