საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აჭარაში საცხოვრებელი ფართი 176 დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად შეხვედრა გამართა დაბა ჩაქვში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებთან.
შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძეც ესწრებოდნენ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შესწავლილ იქნება 815-მდე დევნილთა ჩასახლება.
პროექტი ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, მოხდება დევნილთა ჩასახლებების შესწავლა. მეორე ეტაპი, რომელიც 8 თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად სამინისტრომ დროებით 64 ახალი თანამშრომელი აიყვანა. კადრების შერჩევა ღია კონკურსის წესით განხორციელდა.