პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,მაესტროს" ეთერში ის მიზეზები განმარტა რის გამოც ,,თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას არ დაესწრო. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა იგი შეთანხმდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალანიასთან, რომ მას შეხვდება როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს.
"მე არ მგონია, რომ უნდა ვიარო ყრილობებზე. არც მანამდე არ ვყოფილვარ ყრილობებზე, არც ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომ სოლიდარობა გამომეხატა და არც მანამდე არ ვყოფილვარ ყრილობაზე. მე ირაკლის გუშინ ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, როგორც პრეზიდენტი და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. მაგრამ ყრილობაზე ჩემი მისვლა გეტყვი რით არის რთული, გამოდის რომ მე რომელიმე პარტიის ყრილობებზე უნდა ვიარო და რომელიღაცაზე არა. მე, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას, გამრავალფეროვნებას და პოლიტიკური ძალების დასტაბილურებას მივესალმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა მივიდე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არა არის არანაირი განზე გადგომა "თავისუფალი დემოკრატებისგან", პირიქით მე მათ ვუსურვებ წარმატებას და გაძლიერებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფილარმონიაში ,,თავისუფალი დემოკრატების" პარტიული ყრილობა გაიმართა.