ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლას ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ძველი სტატუსი დაუბრუნდა.
სკოლას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუმრობდა და დაწესებულებას საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა.
დიმიტრი შაშკინი №41 სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე რეფორმებზე გაესაუბრა.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლა წლების მანძილზე ფუნქციონირებდა, როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი და მთელ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ემსახურებდა. სასკოლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. 2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამოვლენილ 30 საუკეთესო სკოლას შორის 41-ე სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა. 2010 წელს ოლიმპიადაში 41-ე სკოლის 1100 მოსწავლე მონაწილეობდა.
ქუთაისის №41 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის "იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია" ფარგლებში 2008 წელს განხორციელდა, რაზეც 1 500 000 ლარამდე დაიხარჯა.