იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგაზალიცია გახდა შესაძლებელი.
ქალაქ ქუთაისში ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა.
`იუსტიციის სახლი ქუთაისში საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სახელმწიფო მომსახურების ცენტრია. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ამ დრომდე მხოლოდ თბილისში ხდებოდა, ახლა კი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული მომსახურების მიღება ქუთაისშიც შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქვე ხდება საზღვარგარეთ წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის სხვადასხვა ენაზე თარგმნაც~, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ახალი სერვისით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს.
ამ დრომდე, მოქალაქეებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისთვის წლების განმავლობაში თბილისში უწევდათ ჩასვლა. 6 აპრილიდან კი მოქალაქეები აღნიშნულ სერვისს ქუთაისში ადგილზე მიიღებენ. სამოქალაქო რეესტრი დოკუმენტების დამოწმების კუთხით, მოსახლეობას დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს.
ცნობისთვის, ერთ გვერდამდე დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება მეათე დღეს 20 ლარი ეღირება, მეხუთე დღეს - 40 ლარი, მეორე დღეს - 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს 100 ლარი.
უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას 2009 წლის 15 ივლისიდან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს.
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცედურის დახვეწა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ წარდგენილი დოკუმენტების სანდოობის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაცემული და დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური ახალი დამცავი მექანიზმი - აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი. აპოსტილის სტიკერზე მითითებულ ვებგვერდზე უცხო ქვეყნის ორგანოებს, რომელთაც წარედგინებათ საქართველოში დამოწმებული დოკუმენტი, შეუძლიათ აპოსტილის უნიკალური ნომრის მიხედვით გადაამოწმონ მისი ნამდვილობა.
ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ნამდვილობის დამოწმებას.