აჭარის მთავრობა და გაეროს მოსახლეობის ფონდი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანას ყიდულობს. საპარტნიორო პროექტის ფარგლებში ავტომანქანების მოწოდება ორ ეტაპად, 2014 წლის ბოლომდე მოხდება. პირველ ეტაპზე მანქანები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს გადეცემათ.
პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და UNFPA-ს წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ზაფიდ ჰაქიმ, გუშინ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
„ჩვენი ერთობლივი პროექტი სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღის განმავლობაში ექიმს პაციენტთან მისასვლელად, ფეხით 20-30 კმ. გავლა უხდება, ამ პერიოდში კი მას შესაძლოა სხვა პაციენტი ელოდებოდეს. როცა მათ ავტომანქანებს გადავცემთ გადაადგილებისათვის საჭირო დრო მაქსიმალურად შემცირდება და დღის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება ყველა პაციენტს მიეწოდება. ავტომანქნების მოვლისა და საწვავის ხარჯებს მუნიციპალიტეტების გამგეობები დაფარავს. ჩვენ, 2014 წელს მთაში დასაქმებულ სოფლის ექიმებს ხელფასის დანამატი 300 ლარით, ბარში დასაქმებულებს კი 150 ლარით გავუზარდეთ, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება". - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.
შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს ავტომანქანების შეძენისათვის თანამონაწილეობა მომავალ წელსაც შესთავაზა. ზაფიდ ჰაქის განმარტებით, თუ UNFPA ვერ შეძლებს თანდაფინანსებას, მოხდება დონორი ორგანიზაციის მოძიება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 2015 წელს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები