დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სახელით აჭარის მთავრობის სახლში მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, გაეროს ელჩს დან ვიგო ბერგტუნის უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ვეტერანთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა. აგრეთვე ვეტერანთა სამოქალაქო ინტეგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა და რეაბილიტაცია.
„აჭარის მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ძალ-ღონეს არ იშურებს ვეტერანთა დასახმარებლად, რამდენიმე თვის წინ რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ორ ვეტერანს ბინები გადავეცით. ჩვენ, ასევე ვგეგმავთ ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სადაც ვეტერანებისათვის სპეციალური ბლოკი მოეწყობა და მათ სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლებათ. აჭარის მთავრობა მატერიალურ დახმარებას უწევს 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებსაც"-აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ და მზადყოფნა გამოთქვა ასოციაციასთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.
დან ვიგო ბერგტუნი საქართველოში, საქართველოს ვეტერანთა ფედერაციისა და კავკასიის ვეტერანთა ცენტრის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო დედაქლაქში, ვეტერანთა დღისადმი გამართულ ღონისძიებებში.
მასალის გამოყენების პირობები