სამეგრელოს რეგიონში სრულდება სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზის 15,4 კმ-ის რეაბილიტაცია.
სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ადგილზე გაეცნო.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 400 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც პრემიერს განუმარტეს, სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია „არქეოპოლისი" ახორციელებს, დასაქმებულია 530 ადამიანი. გზა 20-მდე სოფლის15 000 -მდე ოჯახს ემსახურება. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი,მოეწყო წყალგამტარი მილები, ეზოში შესასვლელები, განხორციელდა მდინარე ცხენისწყალზე არსებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია. აღნიშნული საავტომობილო გზა სენაკის,აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით აკავშირებს ხონთან და ქუთაისთან. ბანძიდან ხონამდე გზის დაფარვას სჭირდებოდა1 საათი, ახალი გზა კი მგზავრობის დროს 15 წუთამდე ამცირებს.
პრემიერ-მინისტრი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილს სოფლის გაზმომარაგება და სკოლის რეაბილიტაცია სთხოვეს. მთავრობის მეთაური მოსახლეობას აღნიშნული.პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
"თქვენ გვერდით ვართ ყველანი, მთელი საქართველო",-მიმართეს ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს.
პრემიერმა სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ორიენტირებულია ადამიანზე.
"ეს პროექტები მიმართულია რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. ის გზა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, ჩვენ აღვადგინეთ. ყველა პროექტი, რომელშიც მთავრობა დებს ინვესტიციას, ორიენტირებულია ადამიანზე. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს ფუნდამენტს. თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი ფული ხმარდება მოქალაქეებს. მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდა საყოველთაო ჯანდაცვას, პენსიების ზრდას, სოციალური დახმარების გაორმაგებას, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროექტებს",- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მთავრობამ მილიონ დოლარზე მეტით დააფინანსა სამეგრელოს რეგიონში ახალი საწარმოების მშენებლობა, რამაც ხელი შეუწყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მეწარმეების დიდი ინტერესით სარგებლობს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც მსურველებს ძველი, მიტოვებული საწარმოების აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თხილის საექსპორტო პოტენციალს და განაცხადა, რომ წელს თხილის ფასმა საშუალოდ 8-10 ლარი შეადგინა, რის შედეგადაც რეგიონში 170 მილიონი ლარი უკვე შემოვიდა, თუმცა ეს ციფრი 30-40 მილიონით გაიზრდება.
"ეს არის იმ პოლიტიკს შედეგი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ორი წლის წინ დაიწყო. თუ სოფელი არ გაძლიერდა, ჩვენი ქვეყანა ვერ გაძლიერდება. თუ სოფელი ძლიერი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ დარღვეულია ეროვნული უსაფრთხოება",- აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები