აფხაზები დარწმუნდებიან, რომ მოსკოვში მათ სურვილს დამოუკიდებლობის შესახებ სერიოზულადაც კი არ აღიქვამენ და ისინი გამოიყენეს, - აცხადებს რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებაზე კომენტირებისას სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.
"აფხაზები, მათდა სამწუხაროდ, და ჩვენდა სამწუხაროდ, იყვნენ ერთგვარი სტატისტები, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსები რომ რუსეთმა ისინი გამოიყენა საკმაოდ დიდი სისხლის ფასად და ის, რომ დღეს რუსეთი ჩაყლაპავს აფხაზეთს ნელ-ნელა მიდის რეალობისკენ", - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თუ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსები მოთხოვნა - რუსეთთან შეერთებაა, აფხაზეთში ამ მხრივ, განსხვავებული სიტუაციაა.
"აფხაზების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც საქართველოსგან, ასევე - რუსეთისგან და მათ სწორედ ამისათვის გაიღეს ბევრი სისხლი. თუმცა, ეს მათი ოცნება თავიდანვე განუხორციელებელი იყო და ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მოსკოვში მათ ამ სურვილს სერიოზულადაც კი არ აღიქვამენ და ისინი გამოიყენეს. ეს მოხდება არა მხოლოდ ჯარების გაერთიანებით არამედ იქნება ცვლილებები ეკონომიკაშიც, სხვა მიმართლულებებით და აფხაზეთი რუსეთის ერთ-ერთი პატარა გუბერნია გახდება", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოსთვის არავითარი შეღავათი არ არის.
"ჩვენი ქვეყანა არასოდეს დასთანხმდება იმას, რომ ასე უტიფრად მოხდა ჩვენი ტერიტრიების ოკუპაცია", - აღნიშნავს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების გაფორმებას აპირებს. შეთანხმების პროექტის თანახმად, ინტეგრაციისა და პარტიორობის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირება; ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება. გარდა ამისა, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. პროექტში წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით - ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.