შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული განყოფილების და შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე(ნავთობპროდუქტების ზღვაში ჩაღვრა), კომორის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი„M-V CAPRICORN" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა ორი მუხლის მე-7 ნაწილით). ამის შესაბამისად, გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა- 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება-124 ლარის და 47 თეთრის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.