12 სექტემბერს, ბათუმში, ომბუდსმენის ოფისში, აჭარელი მუსულმანებისა და მართლმადიდებლების შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი დღის წინ, ქობულეთში მომხდარ ფაქტი დაიგმო, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ აცნობა.
ბლადაძის თქმითვე, ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ის, რაც მოხდა, პროვკაცია იყო, რომელიც გარკვეული ძალების ინტერესში შედის, თუმცა ამასთან, უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ხელისუფლებისა და, საერთოდ, საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.
`ჩვენ, ქობულეთელები წინააღმდეგნი არ ვართ, რომ ადგილობრივმა მუსულმანებმა თავიანთი რელიგიური რიტუალები შეასრულონ, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, რომ საქართველოში თურქული, რუსული, ან რომელიმე უცხო ქვეყნის ფულით მედრესეები და სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობები აშენდეს. აჭარაში უკვე 600 მედრესეა. მივმართავთ სრულიად საქართველოს, ხელისუფლებას, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, დაგვიდგნენ გვერდში და ერთად გავაკონტროლოთ ის თანხები, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოდის და რომელიც, არ ვიცით, რა მიზანს ემსახურება!~ _ ნათქვამია ბლადაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბლადაძის ინფორმაციითვე, 15 სექტემბერს, ორშაბათს, ქობულეთში მედრესეს გახსნა იგეგმება, რასაც შესაძლოა, პროვოკაცია მოჰყვეს. ამიტომ, უფლებადამცველი საზოგადოებას და ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები