„ბი-ბი-სის" ვეგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ექსპერტები საუბრობენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, მათი წარმოქმნის მიზეზებზე და რუსეთის როლზე ამ კონფლიქტების მოუგვარებლობის საკითხში. სტატიის ავტორია პატრიკ ჯექსონი.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა არაერთხელ დადაანაშაულა რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების დესტაბილიზების მცდელობაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნების მიზნით.
როგორც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი იგორ სუტიაგინი თვლის, რუსეთი წლების განმავლობაში ხშირად ხელს უწყობდა მისსავე მონაწილეობით დაწყებული კონფლიქტების დაკონსერვებას, რათა შემდეგ საჭირო შემთხვევაში მათი რეამინაცია მოეხდინა. ამის საუკეთესო მაგალითებია დნესტრისპირეთი და მთიანი ყარაბაღი. „თავდაპირველად ეს იყო ოპორტუნისტული პოლიტიკის გამოხატულება, მაგრამ მოგვიანებით რუსეთის სტრატეგიად გადაიქცა: კრემლმა კარგად გააცნობიერა რუსეთის პოლიტიკაში ამ ინსტრუმენტის გამოყენების საჭიროება", - ამბობს რუსული წარმოშობის ბრიტანელი ექსპერტი და დასძენს: „მბჟუტავი კონფლიქტები კრემლის ბერკეტებია ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსახდენად. ეს კანონზომიერება იმ პერსონაჟ ქვეყნების შერჩევაშიც გამოიხატება, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართულნი".
იგორ სუტიაგინის თვალსაზრისით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან დაწყებული ომი რუსეთისათვის წარუმეტებლად დასრულდა: რადგან აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მოსკოვი იძულებული გახდა ისინი ეღიარებინა. „თავის მხრივ, საქართველომაც აღიარა ეს ტერიტორიები დაკარგულად და ამით რუსეთს ხელიდან გამოაცალა შესაძლებლობა მბჟუტავი კონფლიქტი საქართველოს წინააღმდეგ, თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა", - ამბობს იგორ სუტიაგინი.
როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (ფილადელფია) თანამშრომელი მაიკლ ჩეჩირე აღნიშნავს, მოსკოვმა საქართველოში, მოლდოვასა და აზერბაიჯანშიც კი ისეთი პირობები შექმნა, რომელიც ხელს უწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის სეპარატისტულ განწყობებს. „საქართველოსთან მიმართებით ქრისტიანული რელიგიის იდენტურობას რუსი დიპლომატები ერთგვარი უდავო საბუთად იყენებდნენ. ასე იყო, მაგალითად, 1783 წელს, როცა ქართველმა მეფემ ერეკლე მეორემ [მისმა წარმომადგენელმა გარსევან ჭავჭავაძემ] ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფო ცხადდებოდა რუსეთის იმპერიის პროტექტორატად. ყირიმის ომიც კი [1850-იან წლებში] რელიგიური საფუძვლით დაიწყო - რუსეთმა პროტესტი განუცხადა თურქეთს მაშინდელ პალესტინაში თურქების მიერ ქრისტიანების შევიწროვების გამო", - ამბობს მაიკლ ჩეჩირე".