„ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთი შეიძლება უნიკალურ ტერიტორიად მივიჩნიოთ, რადგან აქ ძალიან ბევრ პარადოქსს ვხედავთ: მცირე ფართობისა და ასევე დაუჯერებლად მცირე ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, აფხაზეთი იმ ადგილად ითვლება, სადაც მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება, ხშირად ურთიერთსაპირისპირო ვექტორებით. პირველი, რასაკვირველია, ეს საქართველოა, რომელიც აფხაზეთთან არსებულ საზღვარს ადმინისტრაციულ უწოდებს და მეორე - რუსეთის ფედერაცია, რომელმაც აფხაზეთის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დამოუკიდებლობა დე-იურედ კი აღიარა, თუმცა მის მთავარ „მკვებავად" და „მამა-მარჩენალად" რჩება. ქართველი და რუსი პოლიტოლოგების უმრავლესობა აფხაზეთს ძირითადად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების სპექტრში განიხილავენ, თუმცა ამავე დროს მხედველობიდან ეპარებათ რეგიონის მძლავრი მოთამაშე (და არა მარტო რეგიონში) - თურქეთი", - აღნიშნულია „სვობოდნაია პრესაში" გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი ზაურ კარაევი).
„ბევრი ივიწყებს „ოსმალეთის იმპერიის მეორე ვერსიას", როგორც ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა უწოდა თანამედროვე თურქეთს. ივიწყებენ იმ მიზეზით, რომ რადგან თურქეთი ნატოს წევრია, ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის და დასავლეთის ერთგული მოკავშირეა, აქედან გამომდინარე, ანკარა აფხაზეთის საკითხში ბრიუსელისა და ვაშინგტონის თვალსაზრისს იზიარებსო. ანუ თურქეთიც, ისევე როგორც დასავლეთი, მიიჩნევს, რომ აფხაზეთი [და სამხრეთ ოსეთი] საქართველოს ნაწილებია.
მაგრამ ანკარის მიერ გაცხადებული ოფიციალური პოზიცია ყოველთვის ზუსტად არ ასახავს პოლიტიკური ელიტის მსოფლმხედველობას. მეზობელი ქვეყნები ეპითეტებს არ იშურებენ რეჯებ ერდოღანის საოცარი პოლიტიკური წარმატების მიმართ, აღტაცებას გამოხატავენ მისი ძალისხმევის გამო გადააქციოს თურქეთი ძლიერ სახელმწიფოდ და მას ძველი დიდება დაუბრუნოს. ამისათვის თურქეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არამხოლოდ საშინაოპოლიტიკური, არამედ საგარეოპოლიტიკური დივიდენდებიც სჭირდება. აფხაზეთი ამ თვალსაზრისით ყურადღების გარეშე არ დარჩება.
რას აკეთებს თურქეთი აფხაზეთზე თავისი გავლენის გასაფართოებლად? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აფხაზეთს და თურქეთს ერთამენეთთან ისტორია აკავშირებს - კავკასიური ომების დროს რუსეთის იმპერიიდან ოსმალეთის იმპერიაში ათასობით აფხაზი გადასახლდა. ექსპერტების შეფასებით, დღეს თურქეთში მათ შთამომავლების რაოდენობა თითქმის 800 ათასს აღწევს, ანუ ბევრად მეტია, ვიდრე თვით აფხაზეთში. აფხაზთა თურქული დიასპორა თავის სამშობლოზე ფიქრობს და არ ივიწყებს. მათ პროტესტი გამოხატეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოს ექსცენტრიული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ანტიაფხაზური პოლიტიკის გამო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. რეჯებ ერდოღანის პარტიის გაძლიერების კვალობაზე იზრდებოდა თურქულ-აფხაზური კავშირების ინტენსივობაც, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში. სანამ რუსეთი აფხაზეთს აღიარებდა, ამ რესპუბლიკის ბიუჯეტის 30% თურქული ფულით ივსებოდა. მოგვიანებით რუსეთმა თურქეთი შეავიწროვა, მაგრამ დღეს ისევ თურქეთი აქტიურობს: აფხაზური იმპორტის 60% და ექსპორტის 45% თურქეთზე მოდის. თითქმის მთელი ტურისტული ბიზნესი (სასტუმროები) თურქი მეწარმეების ხელშია. უფრო მეტიც, ქალაქ ტყვარჩელის ბიუჯეტი მთლიანად ქვანახშირის მომპოვებელი თურქული კომპანია „თამსაშის" მიერ შეტანილ ფულზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, თურქმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოც ჩართეს - მათ მოახერხეს და ქართველებიც დაითანხმეს თურქული გემების აფხაზურ პორტებში მიმოსვლაზე. აშკარაა, რომ თურქებმა თბილისში მაღალჩინოსნები მოთაფლეს...
თურქეთის ხელისუფლებას თავის სასარგებლოდ არა მარტო აფხაზური დიასპორა იყენებს, არამედ თურქეთის ხელისუფლებაც იყენებს დიასპორას თავისი ინტერესებისათვის. ივნისში აფხაზეთს თურქეთის პარლამენტის წევრები ეწვივნენ, რაც აფხაზეთისთვის უდიდესი მოვლენა იყო. ბევრმა ეს ფაქტი აფხაზეთ-თურქეთის იმ დიალოგის დასაწყისად ჩათვალა, რომელიც შეიძლება აღიარებით დაგვირგვინდეს. ცხადია, საქართველოს ეს არ გახარებია და ამიტომაც თბილისში თურქეთის ელჩს შენიშვნა მისცეს, ელჩმა კი განაცხადა, რომ აზრზე არ იყო, რა ხდებოდა, რადგან თურქ დეპუტატებს ანკარას თავიანთი ვიზიტი არ შეუთანხმებიათო.. სხვათა შორის, ამ ვიზიტმა ის შედეგიც გამოიღო, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სტამბოლში საარჩევნო უბანიც გაიხსნა, თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა კი მხარი რაულ ხაჯინბას დაუჭირეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ რაულ ხაჯინბას პრეზიდენტობა თურქეთს აწყობს, მაგრამ ისმება კითხვა: რატომ უნდა აწყობდეს ანკარას მაქსიმალურად პრორუსული პოლიტიკოსის პრეზიდენტობა? აი, ეს რომ გავიგოთ, უნდა ჩავიხედოთ ცნობილი თურქი მეცნიერის არღუნ ბასკანის ნაშრომებში, რომელშიც იგი ამბობს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ ამ რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები თურქეთთან მნიშვნელოვნად გაფართოვდა. არღუნ ბასკანი დარწმუნებულია, რომ პრორუსული აფხაზეთი უფრო სასარგებლოა თურქეთისათვის, ვიდრე პროქართული.
აქ უნდა დავფიქრდეთ: შესაძლოა, თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ელიტას სურს აფხაზეთის გადაქცევა არა ანკარა-მოსკოვის დაპირისპირების ზონად, არამედ პირიქით - მჭიდრო თანამშრომლობის ზონად? ასეთ შემთხვევაში რეჯებ ერდოღანი უფრო მეტ დადებით ეპითეტებს იმსახურებს, იგი უფრო მეტად ტალანტიური პოლიტიკოსია, ვიდრე ჩვენ გვგონია", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები