თურქეთის გამოცემა „თუდეი ზამანიში" გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში მაისის თვეში მომხდარი სახალხო მღელვარების მიზეზები (პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის კრიტიკა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), მისი შედეგები (პრეზიდენტის გადადგომა) და აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები - პრეზიდენტად რაულ ხაჯინბას არჩევა (ავტორი ჰასან კანბოლათი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. საერთოდ მიიჩნევა, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზების რაოდენობა ორჯერ სჭარბობს თვით აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზთა რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და აფხაზეთს შორის არავითარი ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტები არ არსებობს, ორ სახელმწიფოს არა მარტო გეოგრაფიული სიახლოვე აკავშირებთ, არამედ საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობებიც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ თურქეთისათვის აფხაზეთი მნიშვნელოვანი რეგიონია. პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული რაულ ხაჯინბა ნამდვილად არ ელოდება თურქეთისაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ ის კი ნამდვილად სურს, რომ მხარეებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციები განვითარდეს, ადამიანებს შორის კონტაქტები გაფართოვდეს და ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს. ამ მიზნით მას თურქეთში ჩასვლა და პრეზიდენტს რეჯებ ერდოღანთან მოლაპარაკება სურს, თუნდაც არაოფიციალურად. არის იმედები, რომ ეს შეხვედრა, რომელსაც ბევრი ელოდება, უახლოეს თვეებში განხორცილედება.
2013 წლის განმავლობაში თურქეთ-აფხაზეთის ვაჭრობის დონემ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ცხადია, ეს მონაცემები [აფხაზეთთან ვაჭრობის] ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ასახულია ტვირთების მოძრაობის სტატისტიკაში თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, სოჭის ნავსადგურის მეშვეობით. თურქეთი აფხაზეთიდან იღებს ქვანახშირსა და ხე-ტყეს, ხოლო აფხაზეთი თურქეთიდან - სურსათ-სანოვაგეს, ტექსტილსა და სამშენებლო მასალებს. თურქული სატვირთო გემები, რომლებსაც აფხაზეთიდან ტვირთები მოაქვთ, სტამბოლისა და სამსუნის ნავსადგურებით სარგებლობენ. გარდა ამისა, აფხაზეთში თურქული იმპორტი ხორციელდება სოჭი-სოხუმის გზის მეშვეობითაც. სოხუმში საკმაოდ ბევრი თურქული კომპანიების წარმომადგენლობები მოქმედებს.
თურქულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს აფხაზეთის ეკონომიკის სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სექტორებში. ამავე დროს აფხაზეთში აფხაზთა რაოდენობაც მატულობს - თურქეთიდან და სირიიდან ჩასულმა აფხაზებმა ისტორიულ სამშობლოში მეტი დინამიზმი შეიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები