რუსული გამოცემა „ოგონიოკი" აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში განხეთქილებაა (ავტორი ოლღა ალენოვა).
„აფხაზეთის უძველეს სოფელ ლიხნში ერთი მართლმადიდებლური ეკლესია დგას, რომელიც წარმართული ტაძრის ადგილზეა აშენებული. აქ სალოცავად მოდიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ისინიც, რომლებიც პატივს სცემენ აფხაზურ ტრადიციულ რწმენას და ადათებს. ქურუმი სერგეი შაკრილი ყველასთვის საპატივსაცემო ადამიანია. იგი ამბობს, რომ ძველ აფხაზურ რწმენებში ერთმანეთთანაა გაერთიანებული რელიგია, ტრადიციები, კულტურა, ლეგენდები... სწორედ ამაშია აფხაზეთის განსაკუთრებულობა - აქ შეუთავსებლობის შეთავსებას ახერხებენ. ცდილობენ წინ ისე იარონ, რომ მარავალსაუკუნოვანი კულტურის მარაგი არ დაკარგონ, თუმცა ასე ყოველთვის ვერ ხერხდება. 1990-ანი წლების ომმა აფხაზების ცხოვრების წესს დიდი დარტყმა მიაყენა: ბლოკადამ, ადამიანთა მსხვერპლმა, ნგრევამ და სიძულვილმა სტუმართმოყვარე მთიელთა ტრადიციებში ბზარები შეიტანა. მთიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქებში გადავიდა, სოფლები დაცარიელდა, შეიცვალა ხალხის მენტალიტეტი, ქალაქებში ადამიანები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ... ნათლიმამობა, კორუფცია, ძვირადღირებული ავტომანქანების დემონსტრაცია, ზედმეტი სიამაყე და ამპარტავნობა, შური და გაუტანლობა, ძალაუფლების სიყვარული - ეს ყველაფერი იმ მძიმე ავადმყოფობის სიმპტომებია, რითაც აფხაზი ხალხია დაავადებული", - ნათქვამია სტატიაში.
„სერგეი შაკრილი ისეთი ადამიანია, რომელიც აფხაზურ უძველეს კულტურას და ტრადიციებს განასახიერებს. „სანამ რაიმეს გაკეთება გსურს, ჯერ იფიქრე. თავსლაფის დასხმა იოლია, სირცხვილის ჩამორეცხვა კი ძნელი, ზოგჯერ ეს მთელი ცხოვრება გაგყვება", - ამბობს ქურუმი. „ალექსანდრე ანქვაბი ცუდი კაცი არ იყო. მახსოვს, ავად რომ გავხდი, საავადმყოფოში მომაკითხა და შეუმჩნევლად ბალიშის ქვეშ ფული დამიტოვა... მაგრამ მას რთული ხასიათი აქვს, ვერ შეძლო ხალხთან საერთო ენის გამონახვა, მოსახლეობას კი მასთან საუბარი სურდა. ჩვენთან პრეზიდენტი ვალდებულია ყველას დაელაპარაკოს".
აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების აშკარა ნიშნები მაისის თვეში მომხდარი მოვლენების დროს გაჩნდა - ზოგი აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბის ერთგული დარჩა, ზოგი კი ოპოზიციას მიემხრო. სხვათა შორის, იმ დღეებში სოფელ ლიხნში საუკუნოვან ცაცხვს მეხი დაეცა და ორად გააპო. ბევრმა ეს უბედურების მაუწყებლად ჩათვალა. ალექსანდრე ანქვაბი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რომელსაც ბრალდება წაუყენეს - გალის რიონში მცხოვრები ქართველების ხმებით უკანონოდ ისარგებლა, მათი პასპორტები კანონმდებლობის დარღვევით იყო გაცემული და ხმები ისე მიიღოო. საბოლოო ჯამში, ქართველებს საარჩევნო ხმის უფლება ჩამოართვეს.
ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯინბამ გაიმარჯვა, რომელსაც ახლა ქართველების დამშვიდება მოუწევს. ბევრს ესმის, რომ თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვანი სასაზღვრო რაიონის ინტეგრირებას აფხაზურ საზოგადოებაში, მაშინ აფხაზეთი ტერიტორიულად გაიყოფა. არადა, ამ რაიონის მოსახლეობისათვის ხმის მიცემის ჩამორთმევა რესპუბლიკის იმიჯს ისედაც ზიანს აყენებს. როგორც აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ასლან თხაკუშევი ამბობს, „ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გაიძახის, აფხაზები საკუთარ სამშობლოში მხოლოდ 17 პროცენტიღა დარჩაო, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. აფხაზური საზოგადოება თანდათან ღია საზოგადოება ხდება. აფხაზებმა ისეთი რამ გააკეთეს, რის მაგალითსაც მსოფლიოში ვერსად ვერ იპოვით: დღეს აღმოსავლეთ რაიონებში 60-70 ათასი ქართველი ცხოვრობს. თუ გავითავლისწინებთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სულ 250 ათასი მოცხოვრებია, საყვედურებს ამ საკითხში არ ვიმსახურებთ".
გალის რაიონის იტეგრაციის გარდა ახალი პრეზიდენტის წინაშე კიდევ ერთი რთული საკითხი დგას: მან საზოგადოება უნდა გააერთიანოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ახალი ვადამდელი არჩევნები კიდევ ჩატარდება. იქნებ მართლაც შემთხვევით არ დაცემია მეხი ლიხნის მრავალწლოვან ცაცხვის ხეს? თუმცა სერგეი შაკრილს ადამიანთა სიბრძნისა სჯერა და ამბობს, რომ „ხალხი ყველაფერში თვითონ გაერკვევა, ცუდ ნიშნებზე კი ყურადღების გამახვილება არ ღირს".