საქართველომ და კომოროს გაერთიანებამ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ქვეყნებს შორის შესაბამის ოქმს ხელი უკვე მოეწერა.
ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ.
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.
ოქმის ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში შედგა.
კომოროს გაერთიანება მეოთხე აფრიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მანამდე ანალოგიური დოკუმენტები გაფორმდა ბოტსვანასთან, კაბო-ვერდესთან და ლიბერიასთან.
სულ, 2010 წელს საქართველომ 12 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა აფრიკული სახელმწიფოებისა, ესენი არიან ლათინური ამერიკის (დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ და სენტ-ლუჩია) და აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის (ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულები და სამოა) სახელმწიფოები.
დღეისათვის გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 134-თან აქვს.
მასალის გამოყენების პირობები