ავსტრიული გამოცემა "დერ სტანდარდი" აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სტატიას უძღვნის.
„აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სანამ ხმებს დაითვლიდნენ, რაულ ხაჯიმბას მომხრეები სოხუმის ნავსადგურთან მდებარე საარჩევნო შტაბში იყვნენ შეკრებილები. იქ აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას დროს საქართველოსთან მომხდარი ომის შესახებ ფილმს აჩვენებდნენ. ამ ფილმის მიზანი პატრიოტული განწყობის ამაღლება იყო, თუმცა ნერვიულობა მატულობდა... ბოლოს, შუაღამისას, გავრცელდა ხმები, რომ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვაო. მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ავტომობილების კორტეჟითა და ხმოვანი სიგნალით აღნიშნეს", - ნათქვამია გაზეთის ავსტრიელი კორესპონდენტის ანდრე ბალინის სოხუმიდან გადაცემულ სტატიაში.
„სოხუმის ხელისუფლება ამაყად აცხადებდა, რომ არჩევნებს დამკვირვებლები მსოფლიოს ოცი სახელმწიფოდან ესწრებიანო, თუმცა რეალურად ხმის მიცემის პროცესზე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის წევრები იყვნენ, აგრეთვე არაღიარებული წარმონაქმნებიდან: სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან". ყველა ამ „სახელმწიფოს" კეთილდღეობა, ისევე როგორც თვითონ აფხაზეთისა, კრემლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
აშკარაა, რომ რაულ ხაჯინბას პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება. 56 წლის პრეზიდენტი თავდაპირველად ჯერ ზეინკალი იყო, შემდეგ იურისტი, მუშაობდა საბჭოთა „კა-გე-ბეს"-ს სისტემაში აგენტად, მოგვიანებით კი პოლიტიკური კარიერა აირჩია. მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურად, იყო აფხაზეთის საიდუმლო პოლიციის (უშიშროების სამსახურის) შეფი და მოსკოვის პროტეჟე.
სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. მისი პრეზიდენტობის დროს, შეიძლება ითქვას, მოსკოვის პოლიტიკამ აფხაზეთში გარკვეული მარცხი განიცადა. საჭირო იყო სიტუაციის შეცვლა, რომელიც მაისში მომხდარი „სახალხო მღელვარებით" განხორციელდა.
ექსპერტების თქმით, რაულ ხაჯინბას პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთთან ინტეგრაცია უფრო ინტენსიური იქნება. ახალი ხელისუფლება გააქტიურებს დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ მიმართულ მცდელობებს, დაიწყებს ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინის „სახალხო რესპუბლიკებთან". ყველაზე მეტი ყურადღება კი შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებას დაეთმობა - საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დემოკრატიის გაფართოებას და ა.შ. ეკონომიკის აღორძინება ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება, რის შედეგად რუსეთზე ფინანსურად დამოკიდებულების დონე უნდა შემცირდეს (ამჟამად აფხაზეთის ბიუჯეტის ორი მესამედს რუსეთი აფინასებს)", - ნათქვამია სტატიაში.