გასულ ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ღვარცოფმა და მეწყრულმა მოვლენებმა რაჭაში სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები დააზიანა, სახლები და ეზოები კი დატბორა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე არჩილ ჯაფარიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. გზების ნაწილი აღდგენილია, თუმცა კვლავ რჩება სოფლები, რომლებთან მისასვლელი სამანქანო გზების გაწმენდა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილის მითითებით მუნიციპალიტეტებში შეიქმნა შტაბები და ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც შეისწავლიან სტიქიისგან მიყენებულ ზარალს.