დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები ყოფნა-არყოფნის მატჩში უნგრეთს დაუპირისპირდება. იგორ კოკოშკოვის გუნდს მინიმუმ 10 ქულით გამარჯვება სჭირდება საიმისოდ, რომ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდოს და თუ გაცილებით მეტით მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მით უფრო იზრდება.
უნგრეთის ნაკრები იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რითაც კეჩკემიტში დაგვისპირისპირდა. უნგრელებს არ ეყოლებათ ადამ ჰანგა, ყველაზე სახელოვანი კალათბურთელი, თუმცა მისი არყოფნა კეჩკემიტში მასპინძლებს არ უგრძვნიათ.
იგორ კოკოშკოვის გუნდს უნგრეთთან სტუმრად ჩატარებული მატჩი წაგებული აქვს.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირში უკვე გამართა ოთხი შეხვედრა, ორი ჩეხეთთან, ასევე უნგრეთთან და პორტუგალიასთან. საქართველო ორი გამარჯვებითა და ორი მარცხით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს, პირველ-მეორე ადგილებზე ჩეხეთი და უნგრეთი არიან. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასასვლელად დარჩილი ორი მატჩის მოგება სჭირდება.
საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩის გამართვა 27 აგვისტოს პორტუგალიის ნაკრებთან მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები