ბელარუსული გამოცემა „ბელაპანი" აქცეყნებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთი ბელარუსს და ყაზახეთს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს, მაგრამ სოხუმის მცდელობა განწირულია.
გამოცემა წერს, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბღანბღამ წერილები გაუგზავნა ყაზახეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ნურსულთან ნაზარბაევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. გამოცემის ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი უკვე სრულიად ჩამოყალიბებული სახელმწიფოა. ის აღიარებულია რუსეთის ფედერაციისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის - გაეროს წევრების მიერ...
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინტეგრაციის დინამიკას რუსეთს, ბელარუსს და ყაზახეთს შორის და იმედი გვაქვს, რომ თქვენ, ამ სახელმწიფოების ლიდერები დადებითად შეაფასებთ აფხაზეთის რესპუბლიკის სწრაფვას ინტეგრაციული პროცესებში ჩარტისაკენ და დადგება დრო, როცა ჩვენი რესპუბლიკა მონაწილეობას ევრაზიული კავშირის მშენებლობაშიც მიიღებს", - აღნიშნულია წერილში.
ვალერი ბღანბღა ასევე ხაზს უსვამს საბჭოთა კავშირის დროინდელ აფხაზეთ-ბელარუსისა და აფხაზეთ-ყაზახეთის კონტაქტებს და წერს, რომ აფხაზი, ბელარუსი და ყახაზი ხალხების ისტორიული ტრადიციები კარგ საფუძველს ქმნის აღიარებისათვის.
სხვათა შორის, აფხაზეთმა [და სამხრეთ ოსეთმაც] ბელარუსს ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს მიმართეს აღიარების თხოვნით, ბელარუსის პარლამენტის წევრების ჯგუფი თბილისს, სოხუმს და ცხინვალს ეწვია, შეისწავლა სიტუაცია და შედეგები პრეზიდენტს მოახსენა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ასე განაცხადა: „ახლა რომ ჩვენ თქვენ გაღიაროთ, საქართველო ძალიან გაღიზიანდება... გაღიზიანდებიან ის სახელმწიფოებიც, რომლებსაც ტერიტორიული პრობლემები აქვთ, დასავლეთი მათ მხარს დაუჭერს. ვის სურს ეს/ ჩვენ მხოლოდ ამ არასასურველი ტენდენციის კატალიზატორი აღმოვჩნდებით".
ვალერი ბღანბღას წერილს კომენტარს უკეთებს ბელორუსი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი ალექსანდრე გრონსკი: „ვფიქრობ, რომ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. საქართველო ხომ ბელარუსს ევროკავშირის წინაშე იცავს? ჰოდა, თუ ეკონომიკურ მომენტებს გავითვალისწინებთ, აფხაზეთს ბელარუსთან არაფერი არ აკავშირებს. საქართველოში კი ბელარუსი ტრაქტორებს ყიდის, მგონი ტრაქტორების ამწყობი ქარხანაც აშენდა, პლიუს ღვინო, „ბორჯომი", ბელარუსის მარაზიებში ქართული ლიმონათი იყიდება... ასე რომ, ეკონომიკური თავლსაზრისით ბელარუსისთვის აფხაზეთის აღიარება წამგებიანი იქნება. მიმაჩნია, რომ მას არ გადაწყვეტენ და საქმეს „თაროზე შემოდებენ". ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წლის ბოლოს ჩვენი კომისიაც შეიქმნა ამ საკითხის ირგვლივ, პარლამენტარებმა სიტუაცია შეისწავლეს, მაგრამ დასკვნა არ გამოქვეყნებულა, საკითხიც მიყუჩდა. შეიძლება ხელახლა გააქტიურება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისაგან რაიმე ეკონომიკური დაპირება იქნება.
მხედველობაში უნდა გვქონდეს ისისც, რომ ბელარუსში მალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. განა ახლა ევროკავშირის ზედმეტად გაღიზიანება გვინდა?"