„ეხო" (აზერბაიჯანი) აქვეყნებს სტატიას სათაურით - აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო: ეს ალიანსი მომავალში შეიძლება გაფართოვდეს
"აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა აზერბაიჯანში, [ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკაში] ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიღო. ქართველი კოლეგის შესახვედრად საპატიო ყარაული მოეწყო. მოლაპარაკების დროს ზაქირ ჰასანოვმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მოლაპარაკების სტრატეგიულ მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ორი ქვეყნის სამხედრო ურთიერთობა აღმავალი ხაზით, სწრაფი ტემპით ვითარდება და გამოხატა რწმენა, რომ მომვალშიც ასე გაგრძელდება. თავის მხრივ, ირაკლი ალასანიამ კმაყოფილება გამოხატა ნახჭევანში თავისი პირველი ვიზიტით... მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და სხვა საკითხები.
ავღნიშნავთ, რომ ზაქირ ჰასანოვი და ირაკლი ალასანია ნახჭევანში სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ. გუშინ, 18 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ნახჭევანში ჩავიდა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი, რომელიც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. დღეს სამხედრო უწყებათა მეთაურების სამიტის პროგრამაშია სამმხრივი შეხვედრა-მოლაპარაკება, აუდენცია ნახჭევნის ავტონომიის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან, ნახჭევანში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მონახულება, კულტურული პროგრამა და ასე შემდეგ.
აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა კომენტარი გაუკეთეს ამ მოვლენას და სამმხრივი სამიტის პერპსექტივაზე იმსჯელეს.
როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა აღნიშნა, „ყველა სახელმწიფო, ცვალებადი პოლიტიკური ვითარების პირობებში, ცდილობს მეტი ყურადღება დაუთმოს თავისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხებს. ასეთი შეხვედრების ფორმატი ჩვენი სამივე ქვეყნის ინტერესებს ყველა პარამეტრით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით და კულტურულით - სრულად აკმაყოფილებს. სამომავლოდ შეგვიძლია სამშვიდობო ძალებიც ჩამოვაყალიბოთ. რა თქმა უნდა, შეხვედრის ფორმატი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული, თუმცა ეს შეიძლება სომხეთის ამბიციების შემკავებელ ფაქტორად იქცეს, რომელიც ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებით და სხვა სტრუქტურებით გვემუქრება", - აღნიშნა უზეირ ჯაფაროვმა.
ექსპერტმა ელშან მუსტაფაევმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კავკასიის რეგიონში შექმნილი სიტუაცია სამივე სახელმწიფოს ინტერესებშია და აქედან გამომდინარე, სამიტზე ყველაზე მეტ დროს სწორედ რეგიონულ პრობლემატიკას დაუთმობენ, განხილული იქნება აგრეთვე აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო ინტეგრაციის საკითხებიც. „სომხეთი რუსეთის ოფიციალური სამხედრო მოკავშირეა, საქართველო და აზერბაიჯანი კი არცერთ სამხედრო ორგანიზაციაში არ შედიან. ორივე სახელმწიფოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია. რუსეთის ფაქტორი საქართველოს და აზერბაიჯანს ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობაში ხელს უშლის, თუმცა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის განვიტარება ნატოსთან თანამშრომლობად შეიძლება ჩავთვალოთ", - აღნიშნა ელშან მუსტაფაევმა.
სომეხი ექსპერტების აზრით, მათი მეზობელი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შემთხვევითი არ არის.
რუბენ მელქონიანის თქმით, „თურქეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი ამ სამიტით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში დიფერენცირებული რჩება, ანუ სომხეთის მიმართ მტრობა შენარჩუნდება, იმავდროულად კი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა ღრმავდება. არის კიდევ პროპაგანდისტული მხარეც: აი, ჩვენ, ანკარა-თბილისი-ბაქო როგორ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, ერევანი კი განზე რჩებაო... მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავდაცვის მინისტრების სეხვედრას აშკარად ანტისომხური ხასიათი აქვს: თუ სომხეთი უკვე არის ერთი სტრატეგიული ალიანსის წევრი, რატომ არ შეიძლება მეორე ალიანსი ჩამოყალიბდეს? თვით ის, რომ შეხვედრის გეოგრაფიულ ადგილად ნახჭევანია არჩეული, იმაზე მეტყველებს, რომ ესეც პროპაგანდაა" (ექსპერტს მხედველობაში აქვს ის, რომ ნახჭევანს სომხეთი თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს).
პოლიტოლოგი რუბენ მეღრაბიანი თვლის, რომ სამიტის მონაწილე სამ ქვეყანას საერთო ენერგეტიკული სტრატეგია აერთიანებთ, რადგან მათ ტერიტორიაზე ენერგეტიკული კომუნიკაციები გადის, რაც უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს: „ამიტომაც მათ საინტერესო საკითხების საერთო დღის წესრიგი ყოველთვის ექნებათ, რადგან აუცილებელია სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი. ეს პირველი მომენტი. მეორე მომენტი პროპაგანდისტულია: ანკარას და ბაქოს სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისით საქართველო მათთვის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებს, რომელიც თავის მხრივ, ორივესგან დივიდენდებს ღებულობს. ასე რომ, საქართველოს მონაწილეობა სამიტში სავსებით ლოგიკურია".