ირანის ხელისუფლება რამდენიმე თვეში შეძლებს ურანის გამდიდრების პროცესის განახლებას, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების მიუხედავად. ეს შეფასება გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. მასთან ინტერვიუ კვირას, 29 ივნისს, ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა გამოაქვეყნა.
"სიმძლავრეები, რომლებსაც ისინი ფლობენ, კვლავ რჩება. რამდენიმე თვეში, ან უფრო ადრე, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ცენტრიფუგების რამდენიმე კასკადი, რომელიც გააგრძელებს ურანის გამდიდრებას. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ყველაფერი გაქრა და იქ არაფერია", - თქვა გროსიმ.
"ზიანი სერიოზული იყო, მაგრამ ეს ტოტალური არ ყოფილა. ირანს აქვს სამრეწველო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ასე რომ, თუ მათ სურთ, შეუძლიათ ამის ხელახლა დაწყება", - დასძინა მან.
25 ივნისს ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან ურთიერთობების შეჩერებას. სააგენტოს წარმომადგენლებს არ შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა ინსპექტირების ჩასატარებლად. იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, იგი უნდა დაამტკიცოს ირანის კონსტიტუციის მცველთა საბჭომ და უსაფრთხოების საბჭომ.
28 ივნისს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "მეჰრმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლებამ გროსის აუკრძალა ქვეყნის ბირთვული ობიექტების პირადად მონახულება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ასევე ვერ შეძლებს იქ ვიდეომეთვალყურეობის კამერებიდან ინფორმაციის მიღებას.