აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლეობასთან ერთად რუსული მედია სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ამ მოვლებას. როსსიისკაია გაზეთაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანია, რომელიც 24 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევით უნდა დასრულდეს (ავტორი ანდრეი ვასილიევი).
„ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს და არა მარტო აფხაზეთისათვის - ეს ფაქტი გავლენას მოახდენს როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიიურ რეგიონზეც, პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით. არჩევნების მშვიდობიანად და ნორმალურად ჩატარება დაგვანახვებს, რამდენად მშვიდობიანად და ღირსეულად შეიძლება იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელიც აფხაზეთში მაისის ბოლოს განვითარდა", - აღნიშნულია სტატიაში.
წინასაარჩევნო სიტუაციის მიმოხილვის შემდეგ (პრეზიდენტობის კანდიდატები, მათი მხარდამჭერები, ელექტორატის რაოდენობა, განწყობები და ა.შ.) სტატიაში საუბარია აგრეთვე უცხოური სახელმწიფოების როლსა და გავლენაზე ამ არჩევნების მიმართ, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია დასავლეთისა და თურქეთის ფაქტორებზე:
„როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდევბლად აღიარების ფაქტი, უკვე არსებული კოსოვოს პრეცედენტის მიუხედავად, დასავლეთში არ გაიზიარეს. ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ - საერთა-შორისო ურთიერთობებში ადგილი აქვს „ორმაგ სტანდარტებს". ამასთან, აშკარაა, რომ დასავლეთი ცდილობს რაღაც გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, მაგალითად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მაგრამ უშედეგოდ - ყველა ეს მცდელობა ჩასაფუშადაა განწირული. როგორც „როსიისკაია გაზეტასთან" სააგენტო „აფსნიპრესის" დირექტორმა მანან გურგულიამ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ამ არასამ-თავრობო ორგანიზაციებში ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც პირველი დღეებიდანვე იყვნენ ჩართულნი აფხაზეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში და შესაბამისად, მათგან ვერცერთი ვერ იქნება აფხაზეთისთვის მიუღებელი უცხო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი. „ჩვენთან სოხუმში 2008 წელს ჯონ ტეფტი და მეთიუ ბრაიზა იყვნენ ჩამოსული. ისინი არასამთავრობოთა წარმომადგენლებს ესაუბრნენ. საბოლოოდ მათ, როგორც იტყვიან, „კარი გაიჯახუნეს" და გვითხრეს: „თქვენ იგივეს ლაპარაკობთ, რასაც თქვენი ხელისუფლება ამბობს. განა თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გერქვათ?".
რაც შეეხება თურქეთს. თურქეთში 40 ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც აფხაზური პასპორტების მფლობელები არიან, ანუ დაახლოებით სამი ათასამდე ამომრჩეველს. ეს რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგებისათვის, აქედან გამომდინარე, თურქულ ფაქტორს ყურადღება ექცევა. პრობლემა ისაა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ნება დართო ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ სტამბოლში არსებულ აფხაზეთის კულტურის ფონდის წარმომადგენლობაში ჩატარდეს. ამის მიუხედავად, როგორც ფონდის ხელმძღვანელი ხაკან ანდერი ამბობს, ბევრმა აფხაზმა უკვე განაცხადა თურქეთის შორეული რეგიონებიდან სტამბოლში ჩასვლის სურვილი".