2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველომ დავამტკიცა, რომ ქვეყანა მზადაა მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად.
„მეამაყება, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი დიდი პატივი ხვდა წილად და 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო მზადაა მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად და ხმათა უმრავლესობით გავიმარჯვეთ. ოლიმპიადამდე 4 წელია. ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა განხორციელდეს, რომელიც რეგიონში ინვესტიციის შემოტანასა და ახალ მშენებლობებს მოიცავს. ეს კი ახალი სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენას ნიშნავს.
ეს ჩვენი რეგიონისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც არა მარტო ჭადრაკის, არამედ საქართველოს ისტორიაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება", - აცხადებს ხაბაძე.