ცხინვალში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელზეც რუსმა და ოსმა პოლიტოლოგებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კონფერენციის დამსწრე რუსი პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის თქმით, დროა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ჰუმანიტარულ დონეზე კავშირები დაამყაროს:
„მე ამ ორი კვირის წინ საქართველოში გახლდით და მინდა გითხრათ, რომ თბილისში ყურადღებით ადევნებენ თვალს უკრაინის მოვლენებს. თუ რუსეთი ლუგანსკს და დონეცკს წააგებს, მაშინ საქართველო ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და იგივე ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
ვიცით, რომ საქართველო ნატოსაკენ ისწრაფვის და რევანში სწყურია, მაგრამ დროა საქართველოსთან ლაპარაკის დაწყება არა პოლიტიკური წყობის შეცვლის მიზნით, არამედ უბრალოდ, ჰუმანიტარულ დონეზე",_ განაცხადა ეპიფანცევმა და აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის, რომ ოსურ მხარეს საქართველოს აგრესორად აღიარება უნდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი მოთხოვნის პერსპექტივა ძალიან სუსტია.
„მესმის, რომ თქვენ გსურთ საქართველოს ოფიციალური აღიარება აგრესორად, თქვენს სურვილს ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი მოთხოვნის პერსპექტივა სუსტია. საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ სამხრეთ ოსეთში სიღატაკე მეფობს, ხოლო საშუალოდ თითოეული ადამიანი წელიწადში 60 დოლარს ღებულობს.
ამ ფონზე ქართული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთს გაევროპელებულ საქართველოსთან დაახლოება უნდა, მაგრამ „საზიზღარი" რუსეთი ცხინვალს ამის უფლებას არ აძლევს. ამიტომაც იქნებ სჯობდეს მოიწვიოთ აქ ქართველები... თუ სამი წლის არ შეიძლებოდა, ახლა რა გიშლით ხელს?",_ განუცხადა მან კონფერენციის დამსწრე ოსური საზოგადოების წევრებს და ისინი რუსეთთან ინტეგრაციის საკითხზეც გააფრთილა.
„რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა რუსეთთან ინტეგრაციაში ხელს შეგიშლით და უკან დაგწევთ... გარდა ამისა, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ მიღებული სანქციები თქვენს შეერთებას რუსეთთან გაურკვეველს ხდის: ყურს ნუ უგდებთ იმას, რასაც ჩვენი „პირველი არხი" გადმოსცემს, რომ რუსეთი ამ სანქციებს გაუძლებსო.
სინამდვილეში ვხედავთ, რომ სანქციები რუსეთს ზიანს აყენებს. გინდათ იმ რუსეთისადმი მიერთება, რომელიც სუსტი იქნება? ამაში დარწმუნებული არ ვარ. რუსეთთან შეერთება თქვენ მხოლოდ მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. გასაგებია, რომ ყირიმის მიერთებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის პრეცედენტი შექმნა, გასაგებია საკითხის ემოციური მხარეც, მაგრამ რეალური პოლიტიკა ემოციებზე არაა აგებული", _ განაცხადა ეპიფანცევმა.