რუს ექსპერტთა აზრით, მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქებები კავკასიური კვალისაა. სწორედ ეს ვერსია განიხილება ამჟამად რუს სამართალდამცავთა მიერ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წამყვანი ექსპერტ-ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქება არის პასუხი რუსი ძალოვნების მიერ ჩრდილო კავკასიაში წარმატებით ჩატარებულ სპეცოპერაციებზე. ლიკვიდირებულ ბოევიკებს შორის იყვნენ ბოევიკთა ლიდერები _ საიდ ბურიატსკი, ანზორ ასეტემიროვი, სალამბეკ ახმადოვი და აბუ ხალედი.
რუსული მედიის ინფორმაციით, კავკასიელი ბოევიკები სიხარულს გამოხატავენ მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, რუსული მედიის ინფორმაციით, "Kavkazchat.com"-ის მოდერატორი, სახელად უბეიდულაჰი მოსკოვში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სიხარულს გამოხატავს და აცხადებს: "ძაღლები ძალიან გახარებულები არიან მაშინ როდესაც ჩვენთან ვინმეს კლავენ, ისინი ფიქრობენ, რომ მათ სიმწარე არასოდეს ეწვევათ. აი, მოვიდა კიდეც მათი სიმწარე, პასუხი მოვიდა მალე! იგი მოვიდა იქიდან ჩვენ, რომ საერთოდ არ ველოდით!, დიდება ალლაჰს!", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორცილდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.