მესტიაში საავტომობილო გზა, შესაძლოა, დიდი ხნით ჩაიკეტოს. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ბორია კახიანის ქუჩის პირველ კილომეტრზე, გზისპირა ბეტონის სამაგრი კედლის საწყისი მონაკვეთი ჩამოინგრა, რის გამოც კედელმა დაკარგა საყრდენის ფუნქცია და მოსალოდნელია კედლის მთლიანი ჩამოშლა.
"კედელი საჭიროებს სასწრაფო აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული კედელი მდებარეობს ცენტრალურ გზაზე, რომელიც მაკავშირებელია მესტიის ცენტრისა და მესტიის საერთაშორისო აეროპორტის (სამაშველო და სახანძრო სამსახურის, ასევე მოსახლეობას აკავშირებს კუთვნილ სახნავ-სათიბ მიწებთან), ჩამოშლის შემთხვევაში გზის ხანგრძლივი ჩაკეტვა, დაბა მესტიაში არამხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც, გამოიწვევს გადაადგილების პარალიზებას", - ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.