მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია მოისმინა.
მედვედევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსს მოუსმინა.
გენპროკურომა იური ჩაიკამ რუსეთის პრეზიდენტს გამოძიების მიმდინარეობისა და აფეთქების იმ სავარაუდო ვერსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც გამოძიება ამ ეტაპზე ამუშავებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ კი მედვედევს განუმარტა, რომ დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი შოიგუს, მან პრეზიდენტ მედვედევს იმ ღონისძიებების შესახებ მოახსენა, რომელსაც მისი უწყება შესაბამის ადგილებზე ატარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის პირველმა პირმა ფაქტიდან რამდენიმე წუთში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ალექსანდ ბორტნიკოვისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა.
პირველი აფეთქება 07:56 საათზე, მეორე კი 08:39 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 37 გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, მათ შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.