მოსკოვის მეტროსადგურებში კინოლოგები მუშაობენ. ისინი ყველა სადგურს ამოწმებენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ.
შესაბამისი ინფორმაცია მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა გაავრცელა.
ოფიციალური ინფორმაციით, "განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეტროსადგურში ნაპოვნ უპატრონო საგნებს და იმ ადამიანების შემოწმებას, რომელთაც სამგზავრო ჩანთები აქვთ". გაძლიერებულია საპასტორტო კონტროლიც.
მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის განცხადებით, მეტროს მუშაობა, რომელიც ამ დროისთვის პარალიზებულია იმ შემთხვევაში აღდგება, თუკი გამოძიება შესაბამის სამსახურებს ნებას დართავს, რომ აფეთქებული ვაგონების სხვა ადგილზე გადატანა მოხდეს".
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა.
პირველი აფეთქება 07:56 საათზე, მეორე კი 08:39 საათზე დაფიქსირდა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 37 გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, მათ შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 20-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი.
მისივე თქმით, მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 2 კგ ტროტილის ექვივალენტს შეადგენდა.