მოსკოვის ორ მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 37 გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, მათ შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 20-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი.
მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
მისივე თქმით, მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 2 კგ ტროტილის ექვივალენტს შეადგენდა.
სამართალდამცავების კიდევ ერთი ვერსიით კი, აფეთქებები შეიძლებოდა მობილური ტელეფონების მეშვეობით განხორციელებულიყო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა.
პირველი აფეთქება 07:56 საათზე, მეორე კი 08:39 საათზე დაფიქსირდა.