აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმთრელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბათუმის წარმომადგენლობას შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კოორდინატორი ნანა პაპიაშვილი და დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე.
შეხვედრაზე საუბარი იყო აჭარაში მცხოვრები პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერის პროექტზე. კერძოდ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბათუმის წარმომადგენლობა სთავაზობს უცხოეთში წასვლის მსურველებს საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურებას; ასევე, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სარეინტეგრაციო დახმარებას. სარეინტეგრაციო დახმარება მოიცავს ისეთ ძირითად კომპონენტებს, როგორიცაა დაბრუნებული მიგრანტების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, დასაქმებაში ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით.
პროექტი სამწლიანია და ფინანსდება ევროკავშირის მიერ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციია (IOM) წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა მიგრაციის საკითხებში და საქართველოში მისია მოქმედებს 1993 წლიდან.