"ნატო ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ მოსკოვმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც სარგებელი უნდა განიხილოს", - ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ირანიდან წამოსული რაკეტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად რუსეთთსაც მიწვდება, ამიტომაც უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე ნატოსთან მოსკოვმაც უნდა ითანამშრომლოს.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ანდრეს ფოგ რასმუსენმა ისიც აღნიშნა, რომ თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ალიანსი კონკრეტულ გადაწყვეტილებას ნატოს მომდევნო სამიტზე, ნოემბერში მიიღებს.
"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ქვეყნების განვითარების ახალ შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც მოიცავს არა მარტო ნატოს წევრ სახელმწიფოებს, არამედ რუსეთსაც. უსაფრთხოების ერთი ჭერი იქნება ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიმბოლო, რომ რუსეთიც ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილია. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ რუსეთთან სათანამშრომლოდ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მოსკოვის გადაწყვეტილება, განიხილოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა როგორც სარგებელი და არა როგორც საფრთხე", - განაცხადა რასმუსენმა.