„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" ჩაქვში რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა. ცენტრი მოემსახურება ცერებრული დამბლით და სხვა მძიმე მოტორული პათოლოგიით დაავადებულ ბავშვებს.
ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ცენტრში აგრეთვე ხორციელდება სკოლიოზის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ჩაქვის რეაბილიტაციის ცენტრის სამედიცინო გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უნარშეზღუდულობის აღმოფხვრას, ან მისი ხარისხის მაქსიმალურ შემცირებას, ასევე სოციალურ რეაბილიტაციას და ბავშვის ფუნქციური დამოუკიდებლობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ცენტრი უზრუნველყოფილია ადეკვატური ინფრასტრუქტურით, ოთახები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. უახლოეს მომავალში ცენტრში ამოქმედდება ბავშვთა აუტიზმისა და სხვა ქცევითი პათოლოგიების სერვისები.