საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ტაიმარ პეტერკოპთან კიბერუსაფრთხოების სემინარის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში ქვეყნების ჩართულობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მიხეილ დარჩიაშვილმა ტაიმარ პეტერკოპთან საქართველოსთვის უელსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამომავლოდ იურიდიულ და ადმინისტრაციულ საკითხებში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
მიხეილ დარჩიაშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვენერიტეტის, ასევე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები